საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორია

ვინ და რატომ არის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში?

0
გაზიარება

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ათეულში წამყვანი პოზიციები კვლავ ამერიკულმა IT- კონცერნებმა დაიკავეს. პირველ ასეულში მხოლოდ რამდენიმე გერმანული კომპანია მოხვდა. აღნიშნული ჩამონათვალი Deutsche Welle-მ გაგვაცნო.

რა ხდება?

ამერიკული IT- კონცერნები მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანიების რეიტინგში, ტრადიციულად, ლიდერ პოზიციებს არ თმობენ. გამონაკლისი არც 2021 წელი აღმოჩნდა და  ტექნოლოგიურმა გიგანტებმა აშშ-დან პირველი რვა ადგილი გადაინაწილეს. კორპორაცია Apple-ი, რომელიც პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების, სმარტფონებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელია, ისტორიაში გახდა პირველი კომპანია, რომლის ღირებულება 3 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. აუდიტორული კომპანია EY-ისა და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გამოთვლებით, Apple-ის ერთი აქციის ფასი წლის განმავლობაში 31%-ით გაიზარდა. 

სიაში მეორე ადგილზე Microsoft-ია, რომლის აქციების ფასი წლის განმავლობაში 52%-ით გაიზარდა, მთლიანი ღირებულება კი 2,57 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. მესამე ადგილზეა Alphabet-ი, Google-ის საძიებო სისტემის მშობელი კომპანია, რომლის აქციების ფასმა წლის განმავლობაში ორი მესამედით მოიმატა, საერთო ღორებულებამ კი 1,96 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ევროპელი ლიდერები – LVMH-ი და Nestle

ზემოთ ხსენებულ ჩამონათვალში ყველაზე ძვირადღირებული ევროპული კომპანია იყო ფრანგული ლუქს კონცერნი LVMH (414 მილიარდი დოლარი), რომელმაც მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა. მის შემდეგ, 22-ე ადგილზეა მსოფლიოში სურსათის უმსხვილესი მწარმოებელი, შვეიცარიული ტრანსნაციონალური კორპორაცია Nestle. 

ექსპერტების შეფასებით, სტარტაპების სექტორში არსებული საინვესტიციო ბუმის მიუხედავად, მსოფლიოში ძალიან ცოტა ახალგაზრდა კომპანიაა, რომლებიც შემოსავლებისა და საბაზრო ღირებულების თვალსაზრისით წამყვან პოზიციებზე  გავიდნენ. ერთადერთი ევროპული კომპანია, რომელმაც 2021 წელს მართლაც “გაისროლა”, ახალი კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი გერმანული დეველოპერი BioNTech-ი იყო. Mainz-ში დაფუძნებული ფირმის საბაზრო ღირებულებამ 61 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 100 ყველაზე ძვირადღირებული გერმანული კომპანიების რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. ამავდროულად, ის 300 ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ბრენდების ჩამონათვალში მოხვდა. ამასთანავე, BioNTech-ის ღირებულება ამერიკულ ტექნოლოგიურ ბირჟა Nasdaq-ზე წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. 

პანდემიური 2021 წლის კრიზისულმა ვითარებამ მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიებზე დადებითი გავლენა იქონია. ვიდეობარათების მწარმოებელი Nvidia (774 მილიარდი დოლარი) და TSMC (567 მილიარდი დოლარი) მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეულშიც კი მოხვდნენ. წელს დამარცხებულთა რიგებში აღმოჩნდნენ ჩინური ინტერნეტკომპანიები Tencent-ი და Alibaba, რომლებიც მსოფლიოს უმდიდრესი ბრენდების ტოპ ათეულს გამოეთიშნენ. უფრო მეტიც, Alibaba-ს აქციების ფასი განახევრდა. ნავთობის გიგანტმა Saudi Aramco-მ, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ მსოფლიო რეიტინგში პირველ ხაზზე იყო, ამჯერად უკვე მეოთხემდე ჩამოიწია. ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ მისი ღირებულება 1,9 ტრილიონ დოლარამდე დასტაბილურდა.

ავტომობილების მწარმოებლებს შორის Tesla ლიდერობს

არავისთვის იქნება მოულოდნელი, რომ ავტომობილების მწარმოებლებს შორის ლიდერი პოზიცია Tesla-მ დაიკავა. ბოლო სამ წელიწადში ამერიკული კომპანიის საფონდო ბირჟის ღირებულება 20-ჯერ- 1,1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ახლა უკვე Tesla მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. ყველაზე ძვირადღირებული გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი კი რეიტინგში მხოლოდ 112-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა, კომპანიის ღირებულება მხოლოდ 130 მილიარდი დოლარი იყო. 

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კომპანიების სიაში ყველაზე ახალბედა არის ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Rivian-ი (ღირებულება- 96 მილიარდი დოლარი), რომელმაც გადაუსწრო როგორც Daimler-ს (ღირებულება 85- მილიარდი დოლარი), ასევე- BMW-ს (ღირებულება- 66 მილიარდი დოლარი).

გერმანული კომპანიები ძალიან ჩამორჩებიან

გერმანულ ინდექსში ყველაზე ძვირადღირებული აქციების მფლობელია გაზის კომპანია Linde. მსოფლიო რეიტინგში 175 მილიარდი დოლარის საბირჟო ღირებულების მქონე კონცერნი მხოლოდ 77-ე ადგილს იკავებს. ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამერიკულ კომპანია Praxair-ს შეერწყა, რის გამოც Linde-ს ღირებულება გაორმაგდა. ყველაზე ძვირადღირებული გერმანული ბრენდი არის IT-კონცერნი SAP-ი (ღირებულება- 166 მილიარდი დოლარი), 2021 წლის მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ მე-80 ადგილს იკავებს. მან, გასულ წელთან შედარებით, რვა პოზიციით უკან დაიხია. ერთწლიანი შესვენების შემდეგ კი Siemens-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ტოპ ასეულში კვლავ აღმოჩნდა. 

2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტოპ-ასეულში შვიდ პოზიციას გერმანული კომპანიები იკავებდნენ. ახლა მათგან მხოლოდ რვაა ტოპ 200-ში. „ევროპის მნიშვნელობა გლობალურ ბაზრებზე მცირდება, სასწორის პინა უფრო და უფრო აშშ-სკენ იხრება,“- ამბობს EY-ს ფინანსური ანალიტიკოსი ჰენრიკ აჰლერსი. თუ 2007 წელს პირველ ასეულში 46 ევროპული ბრენდი იყო, 2021 წელს მათგან მხოლოდ 16 დარჩა, ამერიკული კი – 61-ია. აჰლერსის აზრით, ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ პანდემიამ სასიკეთო გავლენა იქონია IT- ინდუსტრიის განვითარებაზე, ტექნოლოგიური კონცერნების უმეტესობა კი აშშ-ში მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

რჩევები გახშირებული კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად

გახშირებული ახალი სქემით კიბერთაღლითობის შემთხვევებიდან გამომდინარე  „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს: „ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: ბანკის…

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო კრიზისული მდგომარეობაა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას…

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!