ქუთაისის გამორჩეულ ადგილთა სიას „ზიარი ბარი’ დაემატა. ბარი, რომელიც სულ რაღაც 2 თვეა ფუნქციონირებს და უკვე მოახერხა სამაგიდო თამაშის მოყვარულთათვის საყვარელი გასართობი ადგილი გამხდარიყო. „ზიარი ბარის“ ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ლიკა ჩხეტიანსა და მის მამიდაშვილს, ნათია გადრანს ბარის გახსნის იდეა გაუჩნდათ. მოგეხსენებათ, გქონდეს საკუთარი ბიზნესი, განსაკუთრებით კი ბარი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ნამდვილ და ძლიერ მიზანს წინ ვერაფერი გადაეღობა. საკუთარი ოცნების ასრულებით გატაცებულმა გოგონებმა სამსახურიც მიატოვეს და მთელი დრო ბარის გახსნისთვის მუშაობას დაუთმეს.
“იდეა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ დამეწყო. არც თანხა მქონდა და არც რესურსი, თან ვაანალიზებდი რამდენი რამ სჭირდებოდა საკუთარი ბარის გახსნას. დავურეკე ჩემს მამიდაშვილს, რომელიც ჩამოვიდა თბილისიდან და ჩემს დასთან ერთად გადავწყვიტეთ დაგვეწყო მუშაობა ბარზე, რომელიც ქუთაისს ყველას სხვა თვალით დაანახებდა.“ – ამბობს ლიკა ჩხეტიანი, Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
„ზიარი ბარის“ გახსნას წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი და რთული პროცესი უძღვოდა, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ლოკაციისა და შენობის შერჩევა წარმოადგენდა. უამრავი შენობის ნახვის შემდეგ ლიკამ და მისმა მეგობრებმა დანგრეულ შენობაზე შეაჩერეს არჩევანი. შენობაზე, რომელზეც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რა საოცარ ადგილად შეეძლო გარდაქმნა. შეზღუდული ფინანსური რესურსის გამო გოგონებმა ბარის გარემონტება მეგობრებთან ერთად დაიწყეს და ძალიან მალე ოცნება რეალობად აქციეს. შავი კედლები და კედლებზე თეთრი წარწერები „ზიარი ბარს“ მიმზიდველს ხდის. წარწერები სხვადასხვა შინაარსის არის, რომელიც მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს. როგორც კი „ზიარი ბარს“ ეწვევით მიხვდებით თუ რა გასაოცარ ადგილას მოხვდით. მიზანი, რომ შეექმნათ განსხვავებული სივრცე ქუთაისში, გოგონებს გამოუვიდათ.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი ადგილი ქუთაისში, როგორიც აქამდე არ იყო. ბევრი ვიფიქრეთ რა აკლდა ქუთასს და ეს იყო სივრცე, რომელიც გააერთიანებდა და დაახლოვებდა ადამიანებს ერთმანეთთან. გვაქვს სამაგიდო თამაშები, რომელშიც ჩართულნი არიან ნაცნობებიც და უცნობებიც. მაგალითად გვაქვს „მისმიეს“ სამაგიდო თამაში, სადაც ასრულებენ დავალებებს და კომუნიკაციას ამყარებენ უცხო ადამიანებთან, რაც მათ დაახლოვებას და დამეგობრებას იწვევს.„
გარდა იმისა, რომ სახელწოდება „ზიარი ბარი“ კარგად ჟღერს, სიტყვა ‘ზიარი“ საინტერესო მნიშვნელობასაც ატარებს. როგორც ნათია Geobusisnessnews-თან საუბრის დროს იხსენებს, ბარისთვის ისეთივე განსაკუთრებული სახელი უნდოდათ შეერჩიათ, როგორიც თვითონ ადგილი იქნებოდა. ადგილი, სადაც მეგობრები ერთმანეთს ყველაფერს გაუზიარებდნენ და სიტყვა „ზიარიც“ ამ კონცეფციიდან წამოვიდა.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე