ქართულ ბაზარზე “მოსავალი პირველი” გამოჩნდა. მცირე მარნების გაერთიანებაში წარმოდგენილია ქართლის და კახური ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული 4 სახეობის ღვინო.
როგორც “მოსავალი პირველის” თანადამფუძნებელი ერეკლე პაიჭაძე “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, ქართლში იწარმოება კლასიკური, ევროპული სტილის ჩინურისა და გორული მწვანის ნაზავი; თავკვერი – წითელი ჯიშის ყურძენი; როზე, რომელიც დამზადებულია თავკვერისგან, ჩინურისა და გორული მწვანისგან; კახეთში აწარმოებენ რქაწითელისა და ბუერას ბლენდს – ეს არის 85% რქაწითელი და 15% ბუერა.
“ბუერა იშვიათი ჯიშის ყურძენია და მისგან ძალიან ცოტა კომპანია აყენებს ღვინოს. გვინდოდა, ექსპერიმენტულად გაგვეკეთებინა და კარგი გამოვიდა. კახური ტრადიციული მეთოდით არის დაყენებული, ქარვისფერი ღვინოა.
გარდა ამისა, წელს პირველად გავაკეთეთ პეტ-ნატი, ცქრიალა ღვინო. განსხვავებული ტექნოლოგიაა და თბილისში ძალიან პოპულარული ხდება. პირველად გავაკეთეთ მცირე რაოდენობით და იმდენად კარგი გამოვიდა, რამდენიმე თვეში უკვე აღარ იყო. ვაპირებთ რაოდენობა გავზარდოთ”, – აღნიშნა ერეკლე პაიჭაძემ.
“მოსავალი პირველი” ამ ეტაპზე 7000-მდე ბოთლ ღვინოს ამზადებს. რეალიზაცია თბილისის ღვინის მაღაზიებსა და ბარებში ხდება. სამომავლოდ ღვინო გავა ბათუმში. იგეგმება ექსპორტზე გატანაც.
“ღვინის ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ძალიან დაგვეხმარა. შემოთავაზებები იყო ღვინის მოყვარული საერთაშორისო ვიზიტორებისგან, რომლებიც ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ და საკუთარ ბაზარზე გატანის გამოცდილებაც აქვთ. ძირითადად იყვნენ შვედეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთიდან. ისინი პირდაპირ იმ მიზნით მოდიოდნენ, რომ შეერჩიათ ისეთი ღვინოები, რომელიც მოეწონებოდათ და თავის ბაზარზე გაყიდიდნენ. ჩვენით ძალიან დაინტერესდნენ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შემოთავაზებას მივიღებთ. ასევე ჩვენით დაინტერესდა სლოვაკეთის ელჩი”, – ამბობს ერეკლე პაიჭაძე.