ღვინის კომპანია „ბალავარი“ წლებია საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანა – საქართველოს.„ბალავარში“ ღვინოს პატიოსნებითა და გულწრფელობით ამზადებენ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს თანაფარდობის დაცვა ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შერწყმისას. როდესაც მეღვინეობის და მევენახეობის მრავალწლიანი კულტურა დაკარგვის პირას იყო მისული და ხალხმა 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, გაჩეხილი ვენახების ადგილას მარცვლეული კულტურების მოყვანას მიყო ხელი, ნიკოლოზ ბენიაიძემ პროფესიულ დონეზე მევენახეობა-მეღვინეობის შესწავლა დაიწყო და მეგობრებთან ერთად მიტოვებული ვენახების აღდგენას შეუდგა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნამყენის გამოიყვანა და ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.
„განსაკუთრებული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო,მილარი მევენახეობისათვის უნიკალური ტერუარია, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე მდებარეობს. აქ, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას ერთმანეთს კონტრასტულად ერწყმის მაღალი ტემპერატურა, კავკასიონიდან მონაბერი გრილი ნიავი და ალაზნის მუდმივი ტენი, რომელიც ნამისა და ცვრის სახით მუდმივად ნარჩუნდება მდინარის პერპენდიკულარულად გაშენებულ ვენახში. ალაზნის ველის გამორჩეულად ნაყოფიერი, შავმიწა და ყავისფერი ნიადაგი კი ქვიშიანი სტრუქტურის გამო, დიდხანს ინარჩუნებს ვაზისათვის აუცილებელ სითბოს გრილი ღამის მანძილზე. ასე იქმნება უნიკალური მიკროკლიმატი განსაკუთრებული, ერთდროულად მაღალმჟავიანი და თან შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საღვინე ყურძნის მოსაყვანად. საუკეთესო ღვინის საწინდარი კარგად მოვლილი ვენახია.ჩვენთან ღვინოს ვაყენებთ იმისთვის, რომ ვადიდოთ წარსული, ვადღეგრძელოთ მომავალი და გავაგრძელოთ ისტორია!“- ბალავარის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე
ბავშვობაში დასახული მიზანი მეღვინეობა ბალავარის შექმნით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ისტორიულ ჰერეთში შექმნილი საუკუნოვანი ქვევრები წარმოადგენს. ცნობილი ქვევრის ოსტატების – ჩუბინიძეებისა და სხვათა საგვარეულო დამღებით დამშვენებულ 100-მდე უნიკალურ ქვევრს ბალავარის მარანში ახალი სიცოცხლე მიენიჭა. ეს უნიკალური ჭურჭელი ყურძნის წვენს გადასცემს თავის მრავალსაუკუნოვან მოგონებებს, ტრადიციულ ხასიათსა და სიბრძნეს, რის გამოც მაჭარი გამორჩეული არომატის მქონე სასმელად ღვინდება.
2017 წელს ბალავარი მიერ აღდგენილ საუკუნოვან ქვევრებში ღვინო კვლავ დადუღდა!
დღეისათვის მეღვინეობა ბალავარი ფლობს რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშის ვენახს. აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვენახების გაშენება, ასევე ძველი ჯიშების აღდგენა ხდება.
„ბალავარს“ ვენახებსა და მარანში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებაში და მიგრაციის შემცირებაში.
#ჩვენ_ვაგრძელებთ_ტრადიციას