საქართველოში პირველად, მინი ველობაზა შემოდგომიდან ამოქმედდება. პროექტი, რომლის მფლობელი Georgian Bicycle Group-ია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.
კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის, სერვისცენტრის და ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზის მოწყობა.
კიკნაველიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, უახლოეს მომავალში დაიწყება ობიექტის შოურ რუმის მოწყობა და ბოლო დეტალებზე მუშაობა.
პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედების განვითარებას საქართველოში და მის ხელშეწყობას, კერძოდ, იქნება უმაღლესი დონის ველოსახელოსნო, ელექტროველოსიპედების სერვის ცენტრი, ველოსიპედების წარმოების ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგ ცენტრი, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში განათლებას მისცემს სხვა მაღაზიების ველოსახელოსნოებს, აღზრდის კადრებს.
რაც შეეხება საინვესტიციო მოსულობას, ეს დამოკიდებულია ველოზაბაში არსებულ შესაძლო დანადგარებსა და ზოგადად, ტექნიკაზე.
კიკნაველიძის ინფორმაციით, მსოფლიო ინდუსტრიის და ველომწარმოებლების უფლების მოცემის შემთხვევაში, ქართულ კომაპნიას მიაწოდონ ნაწილები, Georgian Bicycle Group-ი მზად არის ქართული ველოსიპედის აწყობაც დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.