საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას.
ევროკავშირის მასშტაბით ყოველწლიურად 250,000-მდე სუბიექტი (მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია) დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს. ევროკომისიის ცნობით, უმსხვილეს შემსყიდველებს შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი.
საგულისხმოა, რომ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის საკითხი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული, თუმცა აქამდე ქვეყანას სამართლებრივად ჰქონდა შეზღუდული ტენდერებში მონაწილეობის უფლება.
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. ამ დრომდე ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სამართლებრივი შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ ტენდერებში.
ეს მოვლენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ტენდერებში და ამ ბაზარზე გაუწიონ სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს“, – წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.