ამერიკული კომპანია Planet Based Foods არის პირველი და ერთადერთი მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც მცენარეული ხორცის შემცვლელ მთავარ ინგრედიენტად, სოიოს ან სხვა პარკოსნების ნაცვლად, კანაფს იყენებს. Bloomberg-ის ცნობით, ახლახან სტარტაპმა სახლში მოსამზადებელი გაყინული პროდუქტების სადებიუტო ხაზი წარმოადგინა.
Planet Based Foods ინოვაციური და ეფექტური წარმოების პროცესში კანაფის თესლს ბარდის ცილასთან და ყავისფერ ბრინჯთან ერთად იყენებს, რათა პროდუქტში საკვები ნივთიერებები და ბოჭკოვანი შემცველობა მაქსიმალურად გაზარდოს. შედეგად გემრიელი კანაფის ხორცი მიიღება, რომელიც ცილებისა და ბოჭკოების გარდა, ომეგა-3-6-9 ცხიმებს შეიცავს და თავისუფალია სოიოს, გლუტენისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ანუ GMO-სგან (Genetically modified organism).
კომპანიის პირველი პროდუქტი, ორიგინალური კანაფის ბურგერი, გასულ წელს, სამხრეთ კალიფორნიაში, Stout Burgers & Beers-ზე იქნა წარმოდგენილი. Bloomberg წერს, რომ მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე, Planet Based Foods-მა რეცეპტი გააუმჯობესა.
თებერვლის დასაწყისში კომპანიამ შინაური კვების ხუთი პროდუქტისგან შემდგარი ხაზი წარმოადგინა, რაც მალე აშშ-ის სუპერმარკეტებშიც გამოჩნდება. ახალი კანაფის ხორცის პროდუქტების სიაში შედის: ორიგინალური კანაფის ბურგერი, სამხრეთ-დასავლეთის მწვანე ჩილის ბურგერი, სასაუზმე ძეხვი, ასევე, იტალიური და ორიგინალური კრამბლი.
სტარტაპი 2019 წელს კვების ყოფილმა ტრენერმა და კანაფის მარკეტოლოგმა, ბრეილინ დევისმა, მეცნიერმა, რობერტ დევისმა და რესტორნის ბიზნესის ვეტერანმა, ტედ კეშმა დააარსეს.
კანაფის თესლი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებსა და ცილას იძლევა, ვიდრე პარკოსანთა და მარცვლეულთა უმეტესობა. ამასთან, კანაფის გასაშენებლად, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, ნაკლები წყალი არის საჭირო. ეს მცენარე ნიადაგის რეგენერირებას პესტიციდების გარეშე ახდენს და კარგი ზრდა მაღალ ტემპერატურაზეც შეუძლია, რაც მის კულტივაციას კლიმატურ ცვლილებებთან შესაფერისს ხდის.
წყარო : BPN.Ge